87-ე საშუალო სკოლა (ყოფილი ვაჟთა 42-ე) მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირას, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, ისნის რაიონში. იმ დროს, როცა აქ მშენებლობა დაიწყო, უბნებს ძველი სახელებით იხსენიებდა ხალხი: "შავსოფელი", "არამიანცი", "დოლაბაური", "ფერმა", "ნავთბაზა", "ნავთლუღი", "სამგორი" და სხვა. ფერმაზე პირველად ტრამვაის დეპომ დაიდო ბინა (გარეუბნად ითვლებოდა ეს მხარე). სამგორის ვაგზლიდან შემოსული სათადარიგო რკინიგზა თითქმის დეპოსთან წყდებოდა. ძალიან მოხერხებული ადგილი იყო, მიდგომის თვალსაზრისით, ფრონტიდან ჩამოყვანილი დაჭრილების დასავანებლად და მაშინ, როცა გერმანელები მოიწევდნენ წინ და ზედიზედ იპყრობდნენ რუსეთის მიწებს და ქალაქებს, აქ, ზურგში, შენდებოდა ლაზარეთები, ჰოსპიტლები. ამ დანიშნულებისათვის დაიგეგმა დეპოს პირდაპირ შენობა. გაითხარა და ჩაეყარა საძირკველი, მაგრამ გაიწელა, გაჭიანურდა შენება, რადგან ღონიერი, კუნთმაგარი ძალებისაგან დაცლილ ქვეყანას მშენებელი ომში ჰყავდა გაგზავნილი. ისტორია მეორდებოდა:

"ხვალ ისევ ომში გვიწვევენ
გაკვირვებული გარჯითა,
თამარ დედოფლის ბარტყების
გულოვანებით, გარჯითა.
ვცდილობთ, რომ საქართველოსა
ვუშველოთ ჩვენი ხარჯითა,
სამშობლოს ბედნიერება
არ გვსურს ვიყიდოთ ვალითა.
ნაღდს ვაძლევთ ჯანს და სიცოცხლეს,
ნამუსი დავიცავითა".

                                   (ვაჟა-ფშაველა)

შენობა ნელ-ნელა იწევდა ზევით. საამშენებლო მასალის ნაკლულობა არ იგრძნობოდა, მუშა-ხელი კი... ვისაც ხელ-ფეხი ერჩოდა, დიდი ხანია ფრონტზე არ იყო, ან სათადარიგო რაზმებში წვრთნას გადიოდა.

და აი, მშენებლობაზე გერმანელი ტყვეები გამოჩნდნენ. მათ სანახავად ცნობისმოყვარე გოგო-ბიჭები მოდიოდნენ და კაციჭამია ნაცისტების მაგიერ (პლაკატებზე რომ ხატავდნენ) ხედავდნენ გაწამებულ, დაღლილ, ჩვეულებრივ ადამიანებს, მორჩილად, სინანულით, დამანშავის დამორცხვებული თვალებით რომ იყურებოდნენ. ათვალიერებდნენ გამვლელებს და შესვენების დროს გასაუბრებასაც ცდილობდნენ. ბადრაგები არ უშლიდნენ და ბავშვებიც სკოლაში ნასწავლ გერმანულს "ამტვრევდნენ".

გერმანელი კურტი, ჰანსი, ვოლფი, კეთილად უღიმოდნენ ბავშვებს, მათი ძმები და ამხანაგები კი ამ ბავშვების მამებს, ბიძებს, ბაბუებს ებრძოდნენ...

რა საოცრად არის მოწყობილი სამყარო!

ასე კი იყო, გერმანელები "მტრებისთვის" გულმოდგინედ, უღალატოდ აგებდნენ მყარად, ხარისხიანად და იაფად.

ომი დამთავრდა, ტყვეები წავიდნენ, ჰოსპიტლის მშენებლობაც დამთავრდა. სხვადასხვა შენობებში შეხიზნული ლაზარეთებიც დაიცალა. დიდი და მომქანცველი ომის შემდეგ ყველამ საკუთარ კერას მიაშურა.

და დარჩა დაჭრილებით შეუსახლებელი ჰოსპიტალი, ოთხსართულიანი ლამაზი, წითელი აგურით ნაშენი, ქართული კრამიტით დახურული, ფართო ვესტიბიულით, საოპერაციო კაბინეტებით, ლაბორატორიებით და 7-8 საწოლზე გათვლილი პალატებით.

აი, ამ შენობაში დაიდო ბინა 1948 წლიდან საგანმანათლებლო დაწესებულებამ, თბილისის ვაჟთა 42-ე საშუალო სკოლამ, რომელიც დაკომპლექტდა მიკრორაიონის მოზარდებით.

1948 წლის ივლისში სკოლის დირექტორად დაინიშნა მიხეილ მელიტონის ძე სვანიძე, 32 წლის ომგადახდილი, უფროსი ლეიტენანტის ჩინით დემობილიზირებული, რაიკომის აგიტაცია-პროპაგანდის ინსტრუქტორი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ს.ს.ი.პ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

ვაჟა-ფშაველა

კომპოზიტორი, თეორიტიკოსი - ნოდარ მამისაშვილი

შალვა ქიქოძე

ფონდი

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის #87 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა

Copyright IVERIELNI.EDU.GE 2009© | webmaster@iverielni.edu.ge